
ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები იქნება ისევ ინტენსიური, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, პაპისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები.
„საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა რომის ახლად არჩეულ პაპთან საუკეთესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობებს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც არის ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობა იყო ასევე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო თანამედროვე პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები იქნება ისევ ინტენსიური“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა.
0
0