
გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ში, ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში მონაწილეობს. მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა შემაშფოთებელია.
მისი თქმით კონფლიქტი კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებითი გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება.
„კონფლიქტები კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებითი გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება. გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისგან.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ადგილზე, სადაც, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია.
აქვე, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება და შესაბამის ფორმატებში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველო 2012 წლიდან რეგულარულად ამტკიცებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებს (NAP)”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზეც და ამ კონტექსტში აღნიშნა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
მისივე თქმით საქართველო მოწინავე სახელმწიფოა ბიზნესის კეთების, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით და უზრუნველყოფს თანაბარი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
„ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ზედიზედ 10 წელია, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასევე უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. ქალთა და გოგონათა უფლებების სათანადო რეალიზებისადმი საქართველოს მხარდაჭერა აშკარაა, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება მეწარმე ქალთა ხელშეწყობას, ფინანსური დახმარების ინსტრუმენტებზე ქალთა მუდმივი წვდომის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვჯერა, რომ ძლიერი და განათლებული ქალები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები და თავდაჯერება, ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდღეობას და მომავალ თაობას უკეთეს პერსპექტივას სთავაზობენ”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ქალთა სტატუსის კომისიის ფარგლებში მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის შეხვდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს და ლიხტენშტეინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს.
0
0