
რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება, იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„არჩევნები შედგა, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია ეს ხელისუფლება და არჩევანი გაკეთებულია. ბრიუსელმა თავად შეიყვანა ჩიხში საკუთარი თავი თავისივე გადაწყვეტილებებით მაშინ, როდესაც თქვა, რომ კანონების მიღების გამო, რომელიც პარლამენტმა საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, ქვეყანასთან ვწყვეტ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ამის შემობრუნება უკან მარტივი არ არის, ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში რომ შეიყვან საკუთარ თავს. კანონი მიღებულია პარლამენტის მიერ და შენ ითხოვ ამ კანონის გაუქმებას, ასე არ ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოხატა მზაობა დიალოგისთვის და მზადყოფნა განმარტოს კანონის მნიშვნელობა ქვეყნის ინტერესებისთვის.
„რას ნიშნავს კანონი გააუქმე, მე გიმტკიცებ შენ, რომ ეს სჭირდება ჩემი ქვეყნის ინტერესებს, უსაფრთხოებას, საზოგადოების ინტერესებს. გახსოვთ ალბათ თქვენც პრემიერ-მინისტრის არაერთი შეთავაზება, მობრძანდით, ვისაუბროთ და აგიხსნით, რატომ სჭირდება ეს კანონი ჩემს ქვეყანას, თუმცა ეს არავინ გააკეთა, არავის მოუსმენია. პირდაპირ გადაწყვეტილება იყო, რომ მე თქვენ არ დაგელაპარაკებით. ახლა ამის შეცვლა არ არის მარტივი და არ არის მარტივი, გამოსავალი მოძებნონ. მოდი ასე ვთქვათ, ბრიუსელის შეყვანილია ეს პროცესი ერთგვარად ჩიხში და მე მოველი, რომ ისევ მათ უნდა გადადგან გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს პროცესი გამოვიყვანოთ ჩიხიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხელისუფლებასთან დიალოგის გარეშე შეუძლებელია.
„კიდევ ერთი რამ არის აქ საყურადღებო, ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ხმამაღალი განცხადებები, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ქართველი ხალხის მისწრაფებებს უჭერენ მხარს. დავარქვათ ამ განცხადებასაც ტყუილი. იმიტომ, რომ მითხრას ვინმემ ერთი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაიარა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ბრიუსელის ხელისუფლებასთან დიალოგის გარეშე. შენ თუ ხელისუფლებას არ დაელაპარაკები, როგორ შეიძლება მოახვედრო ქვეყანა ევროკავშირში, როცა მე მიმტკიცებ, რომ ამ ხალხის ევროპულ მისწრაფებებს უჭერ მხარს. ასე რომ ასეთი მანიპულაციური განცხადებები ალბათ უნდა დასრულდეს და რაღაცნაირად უნდა ვიპოვოთ გზა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ, პარტნიორულ ურთიერთობებს, როდესაც საერთო ინტერესებით ვივლით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული გზა უცვლელი რჩება და ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი არ დაუკარგავს.
„ჩვენ არ გვითქვამს უარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ჩვენ არ გვითქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და თუ მართლა სურს ბრიუსელს, რომ იხილოს საქართველო ევროკავშირში, ბუნებრივია გზა უნდა გამონახოს, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა მინისტრმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0