
ხომ უნდა დაფიქრდეს რაღაც მომენტში ვიღაც ბრიუსელში, რომ არ მუშაობს ეს პროპაგანდა - ვერ დააჯერეს ბრიუსელიდან, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსი ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის ინსპირირებული.
ბოჭორიშვილის თქმით, ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის და „ძალიან რთულია, ამ პატარა საზოგადოებას ბრიუსელიდან მოატყუო“.
„საქართველო ბრიუსელის მხრიდან გარკვეულწილად არის საინფორმაციო ომის პირობებში. სწორედ ასეთი განცხადებებით ხდება იმ ალტერნატიული რეალობის შექმნა საქართველოსთან დაკავშირებით.
ვისაც ცოტა მეტი ჭკუა მოეკითხება, ცოტა მეტი განათლება აქვს და ცოტა მეტი რამ იცის ისტორიისა და პოლიტიკის შესახებ, არავის სჯერა, საქართველოს არც პრორუსობის და არც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მეთოდებით საქართველოს [მართვის]. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაშიც ვცხოვრობთ, სადაც ვართ, იმ რეალობაზე და თუკი შენ არ გინდა, მიიღო ეს ინფორმაცია და არ გინდა, ამ რეალობას თვალი გაუსწორო და მხოლოდ და მხოლოდ შენი შექმნილი რეალობით იხელმძღვანელო, კითხვის ნიშანი აქაა დასასმელი - ვინ არის პროპაგანდისტი, ვინ აკეთებს პროპაგანდას და რა პროპაგანდას აკეთებს?
ამას ქართველმა ხალხმა გასცა პასუხი და ხომ უნდა დაფიქრდეს რაღაც მომენტში ვიღაც ბრიუსელში, რომ არ მუშაობს ეს პროპაგანდა - ვერ დააჯერეს ბრიუსელიდან, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსი ხელისუფლება. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ამომრჩეველი ვერ დააჯერეს ამაში, რადგან ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ვხედავთ ძალიან კარგად, ვინ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და ძალიან რთულია, ამ პატარა საზოგადოებას მოატყუო ბრიუსელიდან, რომ შენ რუსული კანონი [გაქვს].
გარკვეულწილად სცადეს, ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და პასუხიც გასცა. კიდევ ერთხელ, ალბათ, ძალიან მადლიერი უნდა ვიყოთ და ბედნიერი იმით, რომ ქართველ ხალხს შესწევს უნარი, ასეთ რთულ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს“, - აღნიშნა მინისტრმა.
1
0