19/02/2026
01:21

ბრიუსელის ბიუროკრატიაში არ არის იმის მზაობა, რომ სწორად იყოს გაგებული, რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას განაცხადა.
„პირიქით, იქ დღეს არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხს იყენებენ ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, რომელშიც არ შედის ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ გარკვეულ ძალებს, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიაში, საქართველო არ სჭირდებათ სტაბილურობისთვის და სტაბილურობის ხიდად არ ხედავენ მას.
„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, პირველ რიგში, უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას, სწორედ პოლიტიკური პროცესების დაცვით გარე ჩარევებისგან, ეს არის ის სწორი გზა, რაც შეიძლება, ქვეყნის პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ გააკეთოს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ადამიანებს, რომელთანაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი, ბუნებრივია, არ მოეწონებათ ეს ყველაფერი. ბუნებრივია, კრიტიკა იქნება. ბუნებრივია, ამას არ დაინახავს არავინ, როგორც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და გარე ჩარევების შიდა პოლიტიკაში აღმოფხვრისთვის გადადგმულ ნაბიჯებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიდევ იქნება მცდელობები, რომ ეს ყველაფერი წარმოაჩინონ დემოკრატიული უკუსვლის, ზურგშექცევის პოლიტიკის გაგრძელებად.
„რამდენჯერ შეიძლება, შევაქციოთ ევროპას ზურგი, წარმოუდგენელია, როგორც ხედავენ და როგორც ცდილობენ, დაინახონ მარტივი რამ, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების განხორციელება, რომელიც ემსახურება ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელშიც მოქმედებს დღეს საქართველოს ხელისუფლება და სულაც არ არის მისი დანახვა და გაგება ასეთი რთული, როგორიც ბრიუსელის გარკვეული კაბინეტებიდან ჩანს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0