
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის და რეგიონული თანმშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური დიალოგის პოზიტიურ დინამიკას, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას, კერძოდ, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის, როგორც სტრატეგიული მარშრუტის განვითარების კონტექსტში.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას.
დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის სამმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა და რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზაობას, ხელი შეუწყოს რეგიონში კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას.
საუბარი შეეხო საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობის და სტრატეგიული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
განხილულ იქნა ასევე თანამშრომლობის პერსპექტივები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და შუა დერეფნის განვითარების პოტენციალი. აღინიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მზად არიან პოლიტიკური დიალოგის, ბიზნეს კავშირების და ხალხთა შორის კონტაქტების შემდგომი განვითარებისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0