
სამწუხაროდ, ევროკავშირის სივრცე ქართველი კრიმინალებისთვის თავშესაფრად იქცა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ადეიშვილი არ არის ორდინალური კრიმინალი. ის არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში შექმნა წამების სისტემა, ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და ღირებულებების საწინააღმდეგო სახელმწიფო სისტემის შემქმნელ ადამიანს აქვს ევროკავშირში გადაადგილების თავისუფალი სივრცე; იმ ევროკავშირში, რომელიც ჩვენ გვესაუბრება ღირებულებებზე, მართლმსაჯულებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ამ დროს ვხედავთ, რომ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება, მათ შორის, ბრიუსელში, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის დერეფნებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პირველ ჯერზე, როდესაც ადეიშვილი ბრიუსელში და გერმანიაში იყო, საქართველოს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით ძალიან მწვავე რეაგირება ჰქონდა და, მათ შორის, ელჩებიც იყვნენ დაბარებული, რათა მათ ახსნა-განმარტება გაეკეთებინათ, რასთან გვქონდა საქმე.
„მაშინ ძირითადი განმარტება იყო, რომ არ იცოდნენ, იყო დელეგაცია და შეიძლება, არ დააკვირდნენ, ვინ იყო დელეგაციის შემადგენლობაში. ამ მხრივ, წუხილი იყო, ახლა კი ძალიან სპეციფიკური შემთხვევაა. ევროკომისია უკვე თავად არის ორგანიზატორი ჰააგაში ჩატარებული კონფერენციის. რა თქმა უნდა, იქ ყველა მისი მოწვევით იყო და, რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ სია, ვინ იყო იქ. რა თქმა უნდა, მათ მიიწვიეს ეს კრიმინალი მართლმსაჯულებაზე სასაუბროდ და მაინტერესებს, რა არის მართლმსაჯულების თემებზე ჩატარებული იმ კონფერენციის ფასი, სადაც ადამიანის წამების სისტემის შემქმნელი ზის? ასეთ კონფერენციებს ეს უკარგავს ფასს, ღირებულებას და, მათ შორის, მნიშვნელობასაც, როდესაც კრიმინალების ტოლერირება ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოში ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრა ექნება, მას აუცილებლად ჰკითხავს, რა ხდება ადეიშვილის გადმოცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ევროპული ღირებულებების ნაწილი, რომ მეორე ქვეყანას გადასცენ კრიმინალი, რომელიც ხუთ საქმეზეა მსჯავრდებული და რომელსაც, ჯამში, 18 წელი აქვს მისჯილი.
0
0