
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"რამდენიმე წლის წინ, ჩემს ახლობელს ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდა და ლონდონის ერთერთ კლინიკაში დავაწვინეთ.
ენის ბარიერის გამო, დიდ დროს ვატარებდი მასთან კლინიკაში.
კლინიკის მოსაწევ სივრცეში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი - თავიდან ფეხებამდე აქლემისფერ ქაშმირში გამოწყობილი (ულამაზესი) ლორდი, რომელსაც ნარცისიზმი სტანჯავდა, ჟურნალისტი, რომელსაც მძიმე დეპრესია აწვალებდა...
იქვე იყვნენ ბრგე და ლამაზი კაცები - მეთქი თქვენ აქ რატომ ხართ?
ჩვენ ამერიკელი სამხედროები ვართო, ავღანეთის მისიიდან სახლებში ვბრუნდებით და ორკვირიან სავალდებულო დაკვირვება/მკურნალობას გავდივართ, პოსტ ტრავმატული სტრესული აშლილობა რომ არ დაგვრჩესო, შეიძლება ზოგიერთს მეტხანსაც მოგვიწიოს დარჩენაო.
ცხადია ეს ამბავი იმიტომ არ დამიწერია, რომ ვიცი თვითმკვლელ მკვლელს რა უჭირდა, ან რა მკურნალობა სჭირდებოდა - უბრალოდ მაინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცებიც გადიან თუ არა მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებას და მკურნალობას მისიების შემდეგ.
ვიზიარებ დაღუპულების ოჯახების მწუხარებას და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ."- წერს ჩერგოლეიშვილი
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
როგორც ცნობილია, საგარეჯოში გვიან ღამით 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
0
0