
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი აცხადებს, რომ 28 იანვარს საქართველოს ხელისუფლების მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში გამოცხადებული ცვლილებები, „რომლებიც „გრანტის“ სამართლებრივი განმარტების გაფართოებას მოიცავს, ძალიან ფართოა და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივ და ლეგიტიმურ საქმიანობას“.
„შეშფოთებული ვარ შვიდ სხვადასხვა კანონში შეთავაზებული ცვლილებებით, რომლებიც, მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს დაუწესებს. ისინი არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს მიერ შეკრების თავისუფლების უფლების გარანტირების ვალდებულებებს. ვთხოვ პარლამენტს, უარყოს ეს შესწორებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, – აცხადებს მაიკლ ო’ფლაერტი.
მაიკლ ო’ფლაერტი ასევე აღნიშნავს, რომ ცვილებების მიზანია, სერიოზულად შეარყიოს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, რაც, მისივე განმარტებით, ქვეყანაში 2024 წელს დაიწყო.
„ეს ცვლილებები აძლიერებს 2024 წლიდან მიღებული შემზღუდავი კანონებისა და რეგულაციების სერიას, რომლებმაც სერიოზულად შეარყიეს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. როგორც ცოტა ხნის წინ განვაცხადე, ეს კანონები სერიოზულ კითხვებს ბადებს მათ თავსებადობასთან კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) 11(2) და 14-ე მუხლებში“, – განაცხადა მაიკლ ო’ფლაერტიმ.
ამასთან, ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს“.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტების შესაბამისად, პატივი სცეს ვალდებულებებს. მათ უნდა უზრუნველყონ გაერთიანების თავისუფლება, შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ შევიწროების, დაშინების ყველა ფორმა“, – აცხადებს მაიკლ ო’ფლაერტი.
0
0