13/02/2023
14:50
მსოფლიო
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმები მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის შესახებ. მისი თქმით, სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა დივერსანტების მონაწილეობით რუსეთიდან, ბელორუსიდან და ბალკანეთიდან. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს დივერსიულ აქტებს, რომელშიც მონაწილეობენ გაწვრთნილი სამხედროები, რომლებიც გადაცმული არიან სამოქალაქო ტანსაცმელში. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტზე და მძევლების აყვანას", - განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, კიევის მიერ გადაცემული მასალები შეიცავს ამ დივერსიული მოქმედებების ორგანიზების ლოგისტიკის დეტალურ დოკუმენტაციას.
„გეგმა ითვალისწინებს ხალხის გამოყენებას ქვეყნის გარეთ მოლდოვაში ძალადობრივი ქმედებებისთვის. მაგალითად, მასალები შეიცავს მითითებებს რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის, რომ შევიდნენ მოლდოვაში" - დასძინა პრეზიდენტმა.
სანდუმ ასევე განაცხადა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საფარქვეშ, კიშინიოვში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა მზადდება.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ მოლდოვას სამართალდამცავი ორგანოები ემზადებიან ამ პროვოკაციების აღკვეთისა და სიტუაციის კონტროლის შესანარჩუნებლად.
0
0