
მადლობას ვუხდი ილჰამ ალიევს თანადგომისთვის, რომელსაც ის ყველაზე რთულ მომენტში გამოხატავს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, მსოფლიოში დღეს არავისთვის არ არის დამალული, რომ ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია საქართველოს ეპყრობა არასამართლიანად და ცდილობენ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოიყენონ საქართველოსა და ქართველ ხალხზე ზეწოლის ინსტრუმენტად.
"ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და ეს არ არის სიახლე ვინმესთვის. მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ ის, რაც საქართველოში დღეს ხდება, მათ შორის ეს ე.წ. პოლარიზაცია, არის დიდწილად დამსახურება ჩვენი საგარეო პარტნიორების. იმედია, ეს მიდგომები გადაიხედება. საქართველოსთვის პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროკავშირში გაწევრიანება და იმედი გვაქვს, ევროკავშირი საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული სახელმწიფოს მიმართ, გამოიჩენს სამართლიან მიდგომას, შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს აღიარებს და პატივს სცემს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა: „მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება, ეს კოლონიალისტების ქცევაა, შიდა საკითხები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა“.
0
0