21/09/2022
13:00
პოლიტიკა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სახელით, შინაგან საქმეთა მინისტრს და ქართულ პოლიციას გუშინ ქუთაისში წარმატებული და ეფექტიანი საპოლიციო ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი პროფესიული სტანდარტია დამკვიდრებული და მთავარი ღირებულებას არის ადამიანი.
„მინდა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სახელით, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და ქართულ პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას გუშინ ქუთაისში წარმატებული და ეფექტიანი საპოლიციო ღონისძიებისთვის, რომლის შედეგადაც დამნაშავე დაკავებულია და ყველა მძევალი – გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პოლიციის საქმიანობაში, განსაკუთრებით ვახტანგ გომელაურის ლიდერობის და მენეჯმენტის პირობებში, დამკვიდრებულია ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი პროფესიული სტანდარტი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანი – მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უპირველეს ყოვლისა, მისი ღირსებისა და ყველა ფუნდამენტური უფლების განუხრელი დაცვა, რასაც წარმატებით ახორციელებს ჩვენი სამართალდამცავი უწყებები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ირაკლი ბერაიას განცხადებით, პოლიტიკური სუბიექტები, ასევე პოლიტიკის მიღმა მყოფი ადამიანები, რომლებიც გუშინ ცინიზმით და ქილიკით საუბრობდნენ საპოლიციო საქმიანობის ეფექტურობაზე, დიდი იმედით ელოდნენ გუშინდელი დღის ტრაგიკულად დასრულებას.
მისივე თქმით, ყველაფერს საკუთარი ვიწროპოლიტიკური ამოცანებისთვის არ უნდა იყენებდნენ.
„ასევე, ადამიანურად მინდა, ვუთხრა ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს და ასევე პოლიტიკის მიღმა მყოფ ადამიანებს, ვინც გუშინ ცინიზმით და ქილიკით საუბრობდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტურობაზე და სამწუხაროდ, დიდი იმედით ელოდა გუშინდელი დღის ტრაგიკულად დასრულებას, ამ ადამიანებმა ჩაიხედონ საკუთარ გულში და ყველაფერს ნუ იყენებენ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ამოცანებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა გენერალ გომელაურს და მისი ხელმძღვანელობით ჩვენს ღირსეულ, საამაყო, სახელოვან და პროფესიონალ პოლიციელებს“, – აღნიშნა ბერაიამ ბიუროს სხდომაზე.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით თავდამსხმელმა 14 პირი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
0
0