
მადლობა რასა იუკნევიჩიენეს და ყველა ევროპარლამენტარს, რეზოლუცია, უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს ჩემს გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„მადლობა რასა იუკნევიჩიანეს და ყველა ევროპარლამენტარს, ვინც ხმა მისცა რეზოლუციას. რეზოლუცია გმობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომელმაც საქართველო გადაიყვანა ევროპის გზიდან და დააახლოვა რუსეთთან, მის მოკავშირეებთან. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2003-2012 წლებში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სათავეში ყოფნის დროს გზა გაუკვალა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში! გმობს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მიაჩნია, რომ მომავალი ე.წ. არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. არჩევნებისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, გაუმჯობესებულi საარჩევნო გარემო და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია. რეზოლუცია, უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
0
0