
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს გამოცხადებული დიდი ნდობისთვის. ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ამავე სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული, გამორჩეული პატივი და დიდი პასუხისმგებლობა. ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან, ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციასთან და ამ პოზიციიდან ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან. მსურს, მადლობა გადავუხადო გრიგოლ ლილუაშვილს, რომელმაც გამოწვევებით სავსე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი, გამართული ფუნქციონირება უზრუნველყო. მადლობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც დაუღალავი შრომით, ჩვენი სახელმწიფოსთვის საფრთხეების თავიდან აცილებაში წვლილი შეიტანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
0
0