
როგორც ცნობილია, დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე მაჩულიშიში, რომელიც მინსკიდან 12 კილომეტრში მდებარეობს, იტყობინება BYPOL-ი.
თავდაპირველად აქტივისტები წერდნენ, რომ აფეთქებებმა დააზიანა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და თოვლის გამწმენდი მანქანები. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის არ დასახელებულა.
მოგვიანებით, BYPOL-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა დივერსია, რის შედეგადაც რუსეთის სამხედრო საჰაერო ხომალდმა A-50 მიიღო სერიოზული დაზიანება. დაზიანდა თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, სარადარო ანტენა.
თავის მხრივ, BYPOL-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე აზაროვმა განაცხადა, რომ მაჩულიშის დივერსიაში ბელარუსელი პარტიზანები მონაწილეობდნენ.
ამასთან, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რუსულ თვითმფრინავს „შეიძლება მიეღო გარკვეული დაზიანება სიმაღლიდან ამოუცნობი ობიექტის ჩამოგდების შედეგად“.
რუსი სამხედრო კორესპონდენტები იური კოტენოკი და სემიონ პეგოვი ასევე არ გამორიცხავენ, რომ აეროდრომზე თავდასხმა, სავარაუდოდ, დრონების გამოყენებით მოხდა.
ბელარუსსა და რუსეთის ფედერაციას მომხდარზე ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ აფეთქებების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, ხოლო თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სერიოზული არაფერი მომხდარა“.
0
0