16/02/2023
13:51
მსოფლიო
ბელორუსიის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსის არმია ომში რუსეთის ჯარს მხოლოდ ბელორუსზე პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში შეუერთდება.
ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იუწყება.
„მზად ვარ ვიბრძოლო რუსებთან ერთად, ბელორუსის ტერიტორიიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ იქიდან ერთი ჯარისკაცი მაინც მოვა ბელორუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. თუ ისინი ბელორუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი იქნება ყველაზე სასტიკი და ომი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, - აღნიშნა ბელორუსის ლიდერმა.
ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა მეზობლებსაც.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა მხოლოდ ომის საბაბი იყო, რომელსაც დასავლეთმა უბიძგა. „თქვენ რუსეთს ადანაშაულებთ. ოჰ, თქვენ პოლონელების ხელით გინდათ უკრაინის დაშლა“ - თქვა მან.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ბელორუსის აგრესია, ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. ჩვენ ვიცით, რა არის ომი. და ჩვენ არავიტარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ჩვენი ჯარის შეყვანას უკრაინის ტერიტორიაზე, თუკი თქვენ იქიდან არ განახორციელებთ აგრესიას ბელორუსის ტერიტორიაზე. აი, ჩემი პასუხი, რომელიც დიდი ხნის წინ იყო გაცემული“.
ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის მოკავშირეა, ქვეყნებს საერთო სამხედრო ჯგუფი ჰყავთ. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთს არასოდეს უთხოვია ბელორუსისთვის ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ.
ლუკაშენკომ ასევე გამოაცხადა თავისი სადაზვერვო მონაცემები, რომ დასავლეთს სურს ბელორუსის ომში ჩათრევა და ფაქტობრივად, ოცნებობს ამაზე, რაც საშუალებას მისცემს ბელარუსის საზღვრების სიგრძის გათვალისწინებით, ფრონტის დამატებით გაჭიმვა 2,5 ათასი კილომეტრით, რაც გაართულებდა სიტუაციას ბელორუსისა და რუსეთის ჯარებისთვის.
„სწორი გათვლაა, მაგრამ ცარიელი, უაზრო. ჩვენ არ მოგცემთ ამ შანსს. მაგრამ თუ გაბედავთ ფეხის დადგმას ჩვენს მიწაზე, პასუხი იქნება საშინელი. დასავლელებმა იციან როგორ და რა იარაღით", - განაცხადა ლუკაშენკომ.
0
0