“„შეტევითი ოპერაციების ძირითადი ეტაპი ლუგანსკის ოლქში მიმდინარეობს და რუსეთს, სავარაუდოდ, არ აქვს რეზერვები, რათა შეტევის მასშტაბები მკვეთრად გაზარდოს. რუსეთს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ჰყავს რამდენიმე სათადარიგო მექანიზებული ქვედანაყოფი, მაგრამ მათი გაგზავნა ლუგანსკის ოლქის ფრონტზე ნაკლებად სავარაუდოა იმისთვის, რომ შეტევის ინტენსიურობა დრამატულად შეიცვალოს,“ - განაცხადა აშშ-ის ანალიტიკურმა ცენტრმა - ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW).
ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, რუსულმა სამხედრო ძალებმა მცირედით წაიწიეს წინ ბახმუტის ჩრდილოეთ და მის აღმოსავლეთ გარეუბანში. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ასევე განაგრძეს შეტევითი ოპერაციები დონეცკის დასავლეთ გარეუბანში და უგლედართან ახლოს.
თუმცა, მოსკოვი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ვერ შეძლებს "ოპერატიულად მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას".
ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ტანკების დიდი რაოდენობა განადგურებულია და ეს აფერხებს ქვეყნის შესაძლებლობას სწრაფად აღადგინოს სატანკო ნაწილები.
ნიდერლანდური პორტალის Oryx-ის მიერ (რომელიც ღია მონაცემებსა და სადაზვერვო ცნობებს სწავლობს) წარდგენილი უახლესი სადაზვერვო შეფასებების თანახმად, უკრაინელებმა ორი კვირის წინ გაანადგურეს 1000-ზე მეტი, ხოლო ხელში ჩაიგდეს 500 რუსული ტანკი. ომის შემსწავლელის ინსტიტუტის განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ომის დაწყებიდან პირველ წელს ომამდელი რაოდენობის ტანკების ნახევარი დაკარგა.
0
0