22/12/2024
16:02
საზოგადოება
ფრანკოფონები საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ჩვენ გვირჩევნია პარიზში ღვინის დალევა, ვიდრე არყის ჩელიაბინსკში!”, „საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ჩვენი მომავალი ევროპაშია”.
ამასთან, მათ თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებიც.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაარღვია და საქართველოს მოქალაქეები ევროპული კურსიდან გადახვევას არ შეეგუებიან.
მანიფესტანტების განმარტებით, ისინი ევროპული მომავლის უკან დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც „არ არის თავსებადი არსებულ ხელისუფლებასთან”.
„საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი. „ქართულმა ოცნებამ” ევროპისკენ მიმავალი გზა წაგვართვა, არჩევნები გაგვიყალბა და დააპატიმრა ახალგაზრდები. ჩვენ, ფრანკოფონები ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ და ვდგავართ უკანონოდ დაპატიმრებულების და ევროპული მომავლის გვერდით”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მანიფესტანტების მოთხოვნების უცვლელია. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
0
0