
სხეულზე მრავლობითი დამწვრობებით და სისხლჩაქცევებით 2 წლის ბავშვი გურჯაანიდან თბილისში „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
ბავშვის ბებიის თქმით, მცირეწლოვანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
„დაზიანებები აქვს სხეულზე, სახეზე, ხელზე, დამწვარი აქვს ფეხი, მუცელი, ხელები... მე არ დამინახავს სცემდა თუ რას აკეთებდა, მაგრამ პირველად რომ ჩამოვიყვანეთ ხელები დასიებული ჰქონდა. თვითონ აღიარა, ჩემგან არის ესენი ნატკენიო {სტილი დაცულია}, ლოყაზე ჰქონდა ნაკბენი, „პოლზე“ ახეთქებდა, თვალში სისხლი ჰქონდა ბავშვს, ფაქტია რომ სცემდა... რომ დავინახე ვუთხარი დავრეკავ, რადგან შენ ბავშვზე ძალადობ-მეთქი. იმ საღამოსვე წავიდა“, - აცხადებს ბავშვის ბებია ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
ექიმის თქმით, ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა.
„2 წლის ბავშვია შემოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერილობა, დამწვარი აქვს მუცლის მიდამოები და ქვემო კიდურის არე. ბებიის თქმით, დამწვრობა ბავშვმა ღუმელთან მიიღო, ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა“, - აცხადებს ექიმი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
0
0