
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა პროტესტმა გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში ბზარი გაჩნდეს.
გამოცემა Civil.ge-სთვის დაწერილ სტატიაში, სახელწოდებით „როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?“ თორნტონი წერს, რომ ,,საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების [რომელიც ავტორიტეტულმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ ჩათვალეს თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულად] შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მოიწვია პარლამენტი, დანიშნა ახალი პრეზიდენტი და ქვეყანა გაიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის კრემლის ინტერესებს ემსახურება და მას სურს, რომ საქართველო გახდეს ბელარუსის მსგავსი, დაქვემდებარებული სატელიტი ქვეყანა. ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ევროპულად და დემოკრატიულად განიხილავს, არ მიიღო ეს დესპოტური ნაბიჯი და უკვე ორი თვეა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ,,ქართული ოცნების’’ ავაზაკებმა საპროტესტო აქციების დაწყებიდან 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300 აწამეს.’’
თორნტონი აღნიშნავს, რომ წარმატებას, როგორც წესი, შიდა და არა გარე ფაქტორები განსაზღვრავს.
„რა განაპირობებს დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის წარმატებას? ერთმნიშვნელოვანი გზამკვლევი არ არსებობს, ხოლო გამარჯვებისთვის საჭირო ფაქტორები მრავალფეროვანი და ზოგჯერ შემთხვევითობაზეც არის დამოკიდებული. ხშირად მმართველი ელიტის შიგნით არსებული ბზარები ან ეკონომიკური კრიზისი რეჟიმს მოწყვლადს ხდის“, - წერს თორნტონი.
ზოგჯერ კი, მისი აზრით, ყველაზე მასშტაბური და კრეატიული მოძრაობებიც – მაგალითად, ჰონგ-კონგის „ქოლგის მოძრაობა“ – მარცხდებიან, თუ მოწინააღმდეგე ძალა გადაულახავი აღმოჩნდა.
თუმცა, წარმატებას, როგორც წესი, შიდა და არა გარე ფაქტორები განსაზღვრავს. გადამწყვეტი არ არის თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე მკაცრი რეაქცია – სანქციები, არაღიარება, ემბარგო (ამის მაგალითია ვენესუელა).
,,ქართველებს ინსპირაციული დემოკრატიული მოძრაობების საკუთარი ისტორია აქვთ, ისევე როგორც მათ დებსა და ძმებს უკრაინაში, სადაც "მაიდანი" თავისუფლებისკენ გლობალურ მოწოდებად იქცა. ათწლეულების განმავლობაში აზიაში ცხოვრების შემდეგ, ჩემი ყურადღება მიიქცია იმ დიქტატორების დამარცხების რამდენიმე სხვა არაჩვეულებრივმა მაგალითმა, რომლებსაც არავის ეგონა, რომ ოდესმე ჩამოაგდებდნენ - ასეთები არიან ფერდინანდ მარკოსი, სუჰარტო და შეიიკ ჰასინა. სულ ახლახან, გასულ ზაფხულს, ბანგლადეშში სტუდენტებმა სამთავრობო სამუშაოებისთვის კვოტების გამოყოფა, როგორც კორუმპირებული პოლიტიკური მფარველობის ფორმა, მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტეს. პოლიციამ პროტესტს ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხა, რის შედეგადაც სტუდენტი ლიდერი აბუ საიედი დაიღუპა. საპროტესტო აქციები გაგრძელდა დედაქალაქ დაკას გარეთაც, სადაც სტუდენტები სწრაფად გაერთიანდნენ მასობრივი მოძრაობის გასაზრდელად. საბოლოოდ, არმიამ უარი თქვა ჰასინას ბრძანებების შესრულებაზე. ჰასინა ქვეყნიდან გაიქცა.
საქართველოსგან განსხვავებით, ამ შემთხვევებში ადამიანები იმდენად დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ რეპრესირებულნი, რომ როდესაც დემონსტრანტებზე მთავრობა ძალადობდა, ისინიც კი, ვინც ყოყმანობდნენ, საბოლოოდ, ქუჩაში გავიდნენ.
მოძრაობის გადაყვანა ღამის პროტესტებიდან დღის სტადიაზე, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა - ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენა – ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საბოლოოდ, ხშირად ეს რიცხვების თამაშია – მასობრივი შეტევა, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს დაასუსტებს და საბოლოოდ შეარცხვენს”, - წერს თორნტონი.
0
0