25/12/2024
16:31
საზოგადოება
“ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ კონტრაბანდული გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო”, – ამბობს ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი.
ზურაბ გურიელიძის განმარტებით, გარეული ცხოველების ასეთ პირობებში ყოლა და მანქანით სეირნობა აბსოლუტურად არ არის მიზანშეწონილი:
“ასეთი სახიფათო ცხოველი ტყვეობაში მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ მას აქვს კონკრეტული დანიშნულება, ეს თუა კონსერვაციისთვის, სამეცნიერო მიზნებისთვის, რასაც ემსახურება ზოოპარკი. სხვანაირად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, სახლში სათამაშოდ ჰყავდეთ გარეული ცხოველები”, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ეს ცხოველისთვის და ადამიანისთვის ხშირად ტრაგიკულად სრულდება.
კითხვას, თუ როგორ შეიძლებოდა ლომის ბოკვერი საქართველოში მოხვედრილიყო, ზურაბ გურიელიძე პასუხობს:
“მხოლოდ და მხოლოდ კონტრაბანდით.”
საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ველური ცხოველის შემოყვანაზე სპეციალურ ნებართვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო მას არ გაატარებს:
“როცა ჩვენ ცხოველები ჩამოგვყავს, ყოველთვის ვიღებთ სიტას (CITES) სერტიფიკატს, სხვა შემთხვევაში საბაჟო არ გაატარებს.
როცა სიტას სერტიფიკატი გაიცემა, განსაკუთრებით კატისებრებზე, იქ იწერება მიზნობრიობა, თუ რისთვის ხდება ცხოველის შეყვანა, თუ რა არის ექსპორტის და იმპორტის დანიშნულება. ძირითადად ნებართვა გაიცემა არაკომერციული მიზნებით, მისი გაყიდვა აკრძალულია. მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით შეიძლება შემოყვანა. დანარჩენს რაც შეეხება, როგორ შემოიყვანეს და საიდან, ცხადია, მე არ ვიცი.”
ზოოპარკის დირექტორი ეჭვების გასაფანტად ამბობს, რომ ბოკვერი თბილისის ზოოპარკის არ არის:
“ლომების გამრავლება ძალიან დიდი ხანია გავაჩერეთ. ბევრი ლომი გვყავს და არ გვინდოდა. სპეციალური ჩიპები არსებობს ამისთვის. გარდა ამისა, ჩვენ თეთრი ლომები გვყავს. ეს ჩვეულებრივი ლომის ბოკვერია.
არ გამიგია, რომ საქართველოში ვინმეს ლომები ჰყავდეს, არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან პრინციპში, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პირობები, გვყავს სათანადოდ მომზადებული თანამშრომლები და ა.შ. ლომი არის ძალიან სახიფათო და ძლიერი ცხოველი”, – ამბობს ზურაბ გურიელიძე.
კითხვას, გადმოცემის შემთხვევაში მზად არის თუ არა ზოოპარკი მის მისაღებად, ის შემდეგნაირად პასუხობს:
“ვერ გეტყვით, რომ მზად ვართ. მას დასჭირდება შესაბამისი პირობები. პატარა ბოკვერის ჩვენი ლომების ჯგუფში შეშვება არ არის მიზანშეწონილი, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ. მას ცალკე ვოლიერი დასჭირდება, რაც პატარა თანხებთან არაა დაკავშირებული”, – აღნიშნავს ის.
ცნობისთვის, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ავტომანქანით ავტობუსის ზოლში მოძრაობს და გვერდითა სავარძელზე ლომის ბოკვერი ჰყავს.
0
0