
ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, როკ-ენ-როლის ლეგენდის, ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, ლიზა მარი პრესლი, ნაწლავის ობსტრუქციის შედეგად გარდაიცვალა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა დაადგინა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და განაცხადა, რომ გულის გაჩერება "წვრილი ნაწლავის ობსტრუქციამ [გაუვალობამ]" გამოიწვია.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ობსტრუქცია იყო ადჰეზიის [შეხორცების] შედეგი, რომელიც ბარიატრიულმა (წონის დასაკლებმა) ოპერაციამ გამოიწვია. ლიზას ოპერაცია რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა.
"ეს არის ამ ტიპის ოპერაციისთვის მახასიათებელი ხანგრძლივი გართულება", - აღნიშნულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
კალიფორნიის ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ექიმმა, ანჟელიკ კამპენმა, CBS-ს განუცხადა, რომ წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის შედეგად სიკვდილი იშვიათია. მისივე განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, პაციენტები განიცდიან მწვავე ტკივილს და, ისინი, სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ლიზა მარი პრესლი, 12 იანვარს, კალიფორნიის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ის 54 წლის იყო. მომღერალი მისი შვილის ბენჯამინ კიუს გვერდით დაკრძალეს, რომელმაც 2020 წელს თავი მოიკლა.
ლიზა მარი პრესლი უკანასკნელად გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, დედასთან ერთად, იხილა მაყურებელმა. პრესლის გარდაცვალების დროს, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მომღერალი საკუთარ სახლში კალაბასასში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ლიზა მარი პრესლი, როგორც მუსიკოსი, მამის კვალს გაჰყვა და კარიერის განმავლობაში სამი ალბომი გამოუშვა. ის ასევე ცნობილი იყო ოთხი გახმაურებული ქორწინებით, კიუსთან, პოპ-ვარსკვლავ მაიკლ ჯექსონთან, მსახიობ ნიკოლას კეიჯთან და მუსიკოს მაიკლ ლოკვუდთან.
0
0