
ბრიტანეთს დღეს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა სძულს და ევროკავშირი უყვარს - აცხადებს ლიზ ტრასი და ბრიტანეთისა და ევროკავშირის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს. მისი განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და ევრო გაერთიანება ეკონომიკის განადგურებით არიან დაკავებული და სუვერენიტეტსა და ეროვნულ იდენტობას ებრძვიან.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებს მკაცრად აკრიტიკებს, თუმცა ამავდროულად მათ დახმარებას სთავაზობს:
"ბრიტანეთს ახლა ჰყავს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელსაც სძულს ბრიტანეთი და უყვარს ევროკავშირი. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვაძლევთ მათ ფულს, და ისინი გვკარნახობენ, რა უნდა გავაკეთოთ.
ევროპის უმეტეს ნაწილს დღეს მართავს ლიბერალური ელიტა, რომელიც ეკონომიკისა და საზოგადოების ნგრევის, ეკოლოგიური სათნოებისა და მასობრივი მიგრაციის იდეებით, ისლამისტებისთვის პატივის მიგებით არის შეპყრობილი. გამონაკლისს მხოლოდ ისეთი პატრიოტი ლიდერები წარმოადგენენ, როგორებიც ჯორჯია მელონი და ვიქტორ ორბანი არიან. არშემდგარი ცენტრისტული ტექნოკრატები: სტარმერი, მაკრონი ხალხში პოპულარობით ვერ სარგებლობენ, მაგრამ შეთქმულებაში არიან ბიუროკრატიასა და მეინსტრიმულ მედიასთან და დიდი ძალაუფლება აქვთ. შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელიც აკრიტიკებს გაეროს და ევროკავშირს. მასში უმთავრეს მოცემულობად ეროვნული სახელმწიფოა დასახელებული.
დოკუმენტში ხაზგასმულია ევროპის მთავარი გამოწვევები: პოლიტიკური თავისუფლებისა და სუვერენიტეტის პრობლემა, საიმიგრაციო პოლიტიკა, თავისუფალი სიტყვისა და ოპოზიციის ჩახშობა, შობადობის მკვეთრი შემცირება და ეროვნული იდენტობის დაკარგვა. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაეხმაროს ყველას, ვინც ამ პრობლემის გადასაჭრელად იბრძვის,"- აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.
0
0