
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და გუნდს გიორგი მიქაუტაძის „ლიონთან“ სანახაობრივი გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 3:2. ქართველებმა საგოლე გადაცემები შეასრულეს.
ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მასპინძლეთა ძირითად შემადგენლობაში არ იყო გიორგი მიქაუტაძე, მაგრამ „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას უცნაური გადაწყვეტილებები ამით არ დასრულებულა – მან ალექსანდრ ლაკაზეტიც სათადარიგოთა შორის დატოვა და ორივე ფეხბურთელი მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.
„ლიონს“ პირველ ტაიმში თავდასხმაში არაფერი გამოსდიოდა, პარიზელები დიდი ძალებით უტევდნენ და რეალური მომენტებიც ჰქონდათ. პსჟ-ში კვარაცხელია უდავოდ საუკეთესი იყო, მან თავი გამოიჩინა საგოლე გადაცემით, შესანიშნავი დრიბლინგებითა და სანახაობრივი თამაშით.
53-ე წუთზე ანგარიში აშრაფ ჰაკიმიმ გახსნა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით, უსმან დემბელემ მასპინძლებს მეორე გაუტანა. 68-ე წუთზე კი ლუის ენრიკემ დაცვის გასაძლიერებლად კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ლუკას ერნანდესი შეუშვა და ფაქტია, რომ პარიზელები ამის შემდეგ მწვავედ ვეღარ უტევდნენ.
მე-80 წუთზე მოედანზე მიქაუტაძე შევიდა და შეტევაში მასპნძლების თამაში გაამწვავა. 84-ე წუთზე გიორგი მარკინიოსს ეფექტური ფინტით გასცდა და მისი გადაცემით რაიან ჩერკიმ სხვაობა შეამცირა.
პარიზელებმა ორბურთიანი უპირატესობა მალე აღადგინეს, მაგრამ „ლიონი“ არ დანებდა და ისევ შეუტია – მიქაუტაძე „მაკრატელათი“ სცადა გოლის გატანა, მაგრამ ჯან-ლუიჯი დონარუმამ ურთულესი ბურთი მოიგერია. მართალია, 90+2-ე წუთზე ტოლისომ სხვაობა ისევ შეამცირა. მერე ქართველსაც ჰქონდა შანსი, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და „ლიონმა“ თამაში ვერ გადაარჩნა.
24 ტურის შემდეგ „ლიონი“ (36) მე-8 ადგილზეა, ხოლო პსჟ (59) ლიგა 1-ის ერთპიროვნული ლიდერია, ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა1-ში ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ქართველი თავდამსხმელი ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდებმაც გამოარჩიეს: Flashscore-მა 9.0 ქულა დაუწერა, Whoscored-მა – 8.9. ერთადერთი გამონაკლისი Sofascore გამოდგა, რომელმაც საუკეთესოდ დუბლის ავტორი, აშრაფ ჰაკიმი (8.9) მიიჩნია, თუმცა, ხვიჩას მეორე საუკეთესო შეფასება (8.6) დაუწერა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში სამივე ქართველმა (კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი) საგოლე გადაცემა შეასრულა – მიქაუტაძის გადაცემით პსჟ-ის კარში პირველი გოლი გავიდა, ხოლო დავითაშვილი „სენტ-ეტიენს“ „ანჟერთან“ ქულის (3:3) მოპოვებაში ორი საგოლე გადაცემით დაეხმარა.
0
0