
“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ლიფტების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე დღეს პასუხისმგებელი არავინაა.
მისი აზრით, მთავრობის მხრიდან კორპუსების “ამხანაგობისთვის” დელეგირება უნდა მომხდარიყო, თავმჯდომარეებისთვის კი უფლებამოსილება გაზრდილიყო, რადგან მისი თქმით, სწორედ ის იქნებოდა პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი, ახლა კი ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული.
,,საკრებულოში რომ ვიყავი, ლიფტებთან დაკავშირებით ვსვამდით საკითხს და ეს უნდა გაგრძელდეს, რადგან ჩვენთან ურემი რომ გადაბრუნდება, მაინც არაფერი ეშველება ხოლმე საქმეს.
ვხედავთ, როგორ უპასუხისმგებლობას ავლენს თბილისის მერია, ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ ,,გრინ სერვისი“ კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობს და ვითომც არაფერი არ ხდება.
რომ დავუბრუნდეთ ლიფტებს, თბილისის მერიაში მუშაობდა ლიფტების სამმართველო, მერე იყო კომპანია ,,თბილლიფტი“, რომელმაც დაიწყო მომსახურება და გახადა ლიფტები ფასიანი. მაგრამ ამ კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება ლიფტების ნაწილზე, და არა ყველაზე, არის სრული ქაოსი, ათასნაირი ლიფტი მოქმედებს, მათ შორისაა ძველი საბჭოთა ლიფტები, რომელსაც მოდერნიზება სჭირდება, მაგრამ ვინ ზრუნავს მათ რეაბილიტაციაზე?
ექსპლუატაციაზე ვინ არის პასუხისმგებელი? ახალი ლიფტები რომ კეთდება, რამდენად ხარისხიანია? ვინმე ამოწმებს? რეალურად რა საფრთხეებიც გვაქვს, მედიაში ამაზე არავინ საუბრობს,“- განაცხადა ელისაშვილმა.
ის მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ ტელევიზიაში, თბილისის მერიის წარმომადგენელთან ერთად ამ საკითხზე იკამათოს და იმსჯელოს თუ რა გამოცდილებებია ამასთან დაკავშირებით და რომელია სწორი.
0
0