
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიის მცირე ნაწილის შეცვლასაც თუ შეძლებს, მაშინ აგრესორი ადრე თუ გვიან იმავეს იზამს ლიეტუვის ტერიტორიებზეც.
„საზღვრების ყველაზე მცირე ფორმითაც შეცვლის ნებას თუ მივცემთ, ჩვენთანაც მოვლენ მარკერით და რუკით, შემდეგ კი ტანკებით საზღვრების ხელახლა დასახაზად. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ რაიმე დე იურე ან დე ფაქტო ლეგიტიმაცია ოკუპირებული ტერიტორიების. ეს პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.
მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკებებში ნებისმიერი ბერკეტის გამოყენება.
„თანამედროვე სამყაროს წესების გაგება ძალიან რთულია – ისინი საკმაოდ უხეში და პირდაპირია. ან გაქვს ბერკეტები და ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც მოლაპარაკების მაგიდასთან შეგიძლია, ან არ გაქვს ეს ბერკეტები, მაგრამ მაშინ არ უნდა დაიჩივლო, რომ ამ მაგიდასთან არ ხარ“, – აღნიშნა ბუდრისმა.
ბუდრისის აზრით, ევროპას აქვს სამი ძალიან მკაფიო ბერკეტი, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა გამოიყენოს.
„პირველი, ეს არის გაყინული რუსული აქტივები. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს აქტივები რაც შეიძლება მალე და სასწრაფოდ გადავცეთ ნაწილი უკრაინას, რომ ვაჩვენოთ, შეგვიძლია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების დაფინანსება, სულ მცირე, 2-3 წლის განმავლობაში. მეორე მნიშვნელოვანი ბერკეტი არის უკრაინის ევროკავშირში წევრობა. ევროკავშირის გარდა, არავის შეუძლია, აწარმოოს მოლაპარაკებები ამის შესახებ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მესამე მნიშვნელოვანი ბერკეტი არის ტრიბუნალის მოწყობა.
„ზოგიერთი ადამიანი წარმოიდგენს, რომ ამნისტია შესაძლებელია ომის დანაშაულებისთვის, აგრესიის დანაშაულისთვის, ბავშვების გატაცებისთვის, ძალადობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის. ამიტომ აქაც უაღრესად ნათელი უნდა იყოს ევროპის პოზიცია – ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ბუდრისმა.
0
0