
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თინათინ რევაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ შშმ პირების პარკინგზე 4 დღეა დგას მანქანა, რომელიც ლიეტუვის საელჩოს ბალანსზეა.
„საქართველოში ყველაფერი მოსულა?
უკვე რამდენჯერმე მომიწია ფალიაშვილზე გავლა ამ კვირაში და დავაფიქსირე, რომ ერთსა და იმავე ადგილზე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, შშმ პირებისთვის განკუთვნილ სადგომზე უძრავად დგას საელჩოს მანქანა. როგორც გავარკვიე, ლიეტუვის საელჩოს ეკუთვნის. ოთხი დღის განმავლობაში არავის გაუნძრევია. მიკვირს, ეს რამდენად ბუნებრივია მათთვის, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს უფლებებზე, თანასწორობასა და წესრიგზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩემს სამუშაო ადგილას, სადაც მუდმივად ვმასპინძლობთ მაღალი რანგის სტუმრებს, ტურისტებს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს, იგივე ხდება, მუდმივად მიუხედავად ნიშნისა სარგებლობენ შშმ პირებისთვის განკუთვნილი სველი წერტილით და შენიშვნაზე აგდებულად გპასუხობენ, ანუ შშმ პირების უფლებები ხშირად ირღვევა. თითქოს ეს არავის ადარდებს. და ვინ? ისინი, ვინც დარწმუნებული ვარ სხვაგან ყველა წესს ზედმიწევნით იცავენ, აქ კი სრულიად გულგრილები არიან.
საინტერესოა, რომ სანქციებიც კი იმის გამო დააწესეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავრობა ხალხს არ უსმენსო. კარგით, და თქვენ? თქვენ ვის უსმენთ? როცა წესრიგზე, თანასწორობაზე და უფლებებზე გვმოძღვრავთ, რატომ არ მუშაობს იგივე პრინციპები მაშინ, როცა საქმე თქვენი კომფორტის ხარჯზე მიდგება?
არ ვაპირებ ამაზე თვალის დახუჭვას. ასეთ ფაქტებზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, რომ მერე ვიღაცამ არ იფიქროს - „საქართველოში ყველაფერი შეიძლება“. არა, არ შეიძლება! და ამას ყოველთვის ვიტყვი.
ძალიან მაინტერესებს, რატომ არ ჯარიმდებიან ან საჯარიმოზე რატომ არ გადაჰყავს შესაბამის სამსახურს მსგავსი დარღვევის გამო? სხვა ქვეყანაში უმკაცრესად ისჯებიან რამდენადაც მე მსმენია.
უფლებებზე საუბარი მაშინ კარგავს აზრს, როცა მხოლოდ სიტყვებია და არა საქმე“, - წერს თინათინ რევაზაშვილი.
0
0