24/05/2023
11:53
სამართალი
ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ დიდ დიღომში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმის გამოძიება კონტროლზე აიყვანა და თბილისიდან ინფორმაცია გამოითხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Delfi.lt. წერს. როგორც გარდაცვლილი გოგონას მამა ლიეტუვურ მედიას უყვება, მისი შვილის სიკვდილიდან უკვე ორი თვე გავიდა, თუმცა ისინი დღემდე პასუხების ძიებაში არიან, თუ რა მოხდა 16 მარტის ღამეს.
„40-მდე დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე“ - სამხარაულის ბიუროს დასკვნა 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე
მშობლები ლიეტუვის პროკურატურას გამოძიების დაჩქარებაში დახმარებას სთხოვენ.
„თავიდანვე, პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ჩვენთვის დაემტკიცებინათ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, ასე განუცხადეს მედიასაც, თუმცა ეს ვერსია საერთოდ არ არის დამაჯერებელი, საქართველოში ამის არავის არ სჯერა, ახლა ყველა ცდილობს, თავიანთი ბავშვების დაცვას და სურთ, ანას მკვლელის პოვნაში დაგვეხმარონ. მხოლოდ პოლიცია არ ეძებს მას და გაურკვეველია, დაიწყებს თუ არა მის ძებნას“, - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას მამა ლიეტუვურ მედიასთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, გამოძიების დასაწყისში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც სამხილების განადგურება გამოიწვია.
„ეს ძალიან გვთრგუნავს - გამოძიების დასაწყისში სამართალდამცველებმა ჩვენთან ყოველი შეხვედრის დროს, გვითხრეს, რომ ჩვენი გოგონა, სავარაუდოდ, სეირნობისას, „ჩიფსების“ ჭამისას დაიხრჩო. თუმცა ეს საერთოდ არ შეესაბამება იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ. მე ლიეტუველი ვარ, ჩემი ცოლი ქართველია“, - აღნიშნავს გოგონას მამა და ლიეტუვურ მედიას უყვება, რომ გოგონას მრავალი დაზიანება ეტყობოდა სხეულზე, მათ შორის, კისრის არეში.
როგორც Delfi.lt წერს, ლიეტუვის გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს, რომ დაინტერესებული არიან საქართველოში მიმდინარე გამოძიების დეტალებით, თუმცა არ შეუმჩნევიათ, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები არასათანადოდ მუშაობენ, ან აჭიანურებენ გამოძიებას.
„საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ახალგაზრდა მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, გენერალური პროკურორი ნიდა გრუნსკიენე ამ შემთხვევის გამოძიების თაობაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა.
მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი გოგონას ახლობლებმა ეჭვი გამოთქვეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ ოჯახის თხოვნით მიმართა ლიეტუვის გენერალურ პროკურორს. საქართველოსა და ლიეტუვის გენერალური პროკურორების სატელეფონო საუბრისას, ირაკლი შოთაძე დათანხმდა, რომ ლიეტუვის პროკურორი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი თბილისში ჩამოსულიყვნენ გამოძიებისთვის.
ახლობლების ეჭვების გასაქარწყლებლად, ლიეტუვის ოფიციალური პირები გაემგზავრნენ საქართველოში, სადაც საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ნებართვით გაეცნენ (თარჯიმნების დახმარებით) დოკუმენტის მასალებს. წარდგენილი სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების განხილვისას არ გამოვლენილა წინასწარი გამოძიების არასათანადო ჩატარების ან შესაძლო გაჭიანურების ნიშნები“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
0
0