
ლიეტუვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა რეალური და შეუქცევადი გახდეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც ვილნიუსმა ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებს გაუგზავნა.
წერილში, რომელიც ლიეტუვამ კოპენჰაგენში 1-2 სექტემბერს დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ გაგზავნა, აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელების სულისკვეთებას აამაღლებს და ქვეყანაში რეფორმებს შეუწყობს ხელს იმ ფონზე, როცა რუსეთი სამხედრო მოქმედებების ესკალაციას ახდენს.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ უმოქმედობამ შესაძლოა, შეასუსტოს საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ და შეარყიოს რეფორმების განხორციელების ინსტიტუციური ნება.
ლიეტუვის წინადადება ითვალისწინებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ტექნიკური დონის მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთის გარეშე, თუ ამას 26 წევრი სახელმწიფო დათანხმდება. ფორმალური დამტკიცება შეიძლება მოგვიანებით მოხდეს, თუ ბუდაპეშტის პოზიციას ან მთავრობა შეიცვლება.
0
0