როგორც ლიბანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფუად სინიორამ BBC-ს განუცხადა, მისი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებამ მიატოვა.
„მიუღებელია ლიბანის დაცემის დაშვება და ის ფაქტი, რომ მშვიდობის აღდგენის მცდელობა არ არსებობს. ჩვენ ახლა ძალიან რთულ ვითარებაში ვართ და რეალური ძალისხმევაა საჭირო როგორც ადგილობრივ, ასევე არაბულ მხარეს და საერთაშორისო დონეზე. შეიძლება მდგომარეობა დიდ კატასტროფამდე მიიყვანო ისე, რომ არ გააცნობიერო, რას ნიშნავს ეს. ეს ხდება იმ დროს, როცა ამერიკის ადმინისტრაცია არჩევნებით ასე აქტიურად არის დაკავებული. ჩვენ კი ვერ ვირჩევთ პრეზიდენტს, რადგან ქვეყანაში ზოგიერთი დაჯგუფება, განსაკუთრებით „ჰეზბოლა“, დაჟინებით მოითხოვს ისეთ პრეზიდენტს, რომელიც ამ დაჯგუფებას ზურგში დანას არ ჩაარტყამს.
მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა საზღვარი გადაკვეთეს, ლიბანის ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. პრაქტიკულად, ლიბანი, როგორც სახელმწიფო, „ჰეზბოლამ“ გაიტაცა, „ჰეზბოლას“ უკან კი ირანი დგას. ამ იარაღმა, რომელიც „ჰეზბოლას“ ეჭირა, იმის ნაცვლად, რომ ისრაელისკენ ყოფილიყო მიმართული, შიდა არეულობა გამოიწვია, რამაც განაპირობა ირანის ჩართვა სირიაში, ერაყსა და იემენში. ლიბანი ასეთ ომში ვერ ჩაერთვება.
2023 წლის ოქტომბრიდან ყველაფერი ჭიანურდება და უარესდება. ბევრი შანსი გაჩნდა ლიბანის ღაზასგან დისტანცირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული და არაბული თვალსაზრისით ღაზასთან ასოცირება. მაგრამ, განსაკუთრებით ახლა, ლიბანს არ აქვს უფლება ჩაერთოს ასეთ საქმეში. როდესაც ღაზაში მცხოვრები 2,2 მილიონი პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა და მთელი ღაზა განადგურდა, ლიბანის ღაზასთან დაკავშირება არ არის გონივრული“, - თქვა ფუად სინიორამ.
ლიბანსა და ისრაელს შორის ბოლო ომი თითქმის 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა საზღვარი გადაკვეთეს და თავს დაესხნენ ისრაელის ჯარისკაცებს. თავდამსხმელებმა ორი ჯარისკაცი გაიტაცეს და სამი მოკლეს, რამაც ერთთვიანი კონფლიქტი გამოიწვია.
0
0