
LGBTQ+ საზოგადოების წარმომადგენლები ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ძალების გაძლიერებით შეშინებულები არიან და „პოტენციურ შედეგებზე“ საუბრობენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ერთ-ერთი მათგანია 52 წლის ტრანსგენდერი ქალი მონიკა მაგაშაზი, რომელიც უნგრეთში ცხოვრობს. უნგრეთის სათავეში 2010 წლიდან ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ იმყოფება.
„ტრანსგენდერებისთვის უნგრეთში სიტუაცია დღითიდღე უარესდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მთავრობა ისე აჩვენებს, თითქოს ტრანსგენდერები პედოფილები და ბოროტმოქმედები არიან და მათი დისკრიმინაციისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებს, მე თავის მოკვლასაც კი ვცდილობდი. საბოლოოდ მე ჩემმა შვილებმა გადამარჩინეს. გადავწყვიტე, რომ მეცხოვრა, როგორც ტრანსგენდერ ქალს და ჩემი შვილების მამას. თორემ ჩემი შვილები უჩემოდ ყველაფერს დაკარგავენ“, - ამბობს მონიკა.
ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ გადაიტანა ოპერაცია და ჰორმონალური თერაპია. ახლა ის თავს წარმოაჩენს როგორც ქალი, მაგრამ ამას იურიდიულად, საბუთებში ვერ ადასტურებს. 2020 წელს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით ტრანსგენდერებს იურიდიულად სქესის შეცვლა ეკრძალებათ. კანონში ჩაიწერა, რომ ადამიანის სქესი დაბადებიდან განისაზღვრება. და ამ კატეგორიის შეცვლა არ შეიძლება. უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, ის ქალებსა და კაცებს იდენტობის შეცვლას არ უკრძალავდა, მაგრამ სამართლებრივ გაურკვევლობას კანონმა ბოლო მოუღო.
უფლებადამცველებმა ეს კანონი გააპროტესტეს, რადგანაც ის ტრანსგენდერების დევნის და დისკრიმინაციის ალბათობას ზრდის. ყოველთვის, როდესაც ეს ადამიანი საბუთებს აჩვენებს, მაგ. პასპორტს ან მართვის მოწმობას, მან ტრანსგენდერული იდენტობა უნდა გამოავლინოს.
„წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც სადმე შემოწმებაზე გიბარებენ და ასისტენტი დერეფანში ხმამაღლა ამბობს იმ სახელს, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ გქვიათ, ანუ სახელს, რომელიც დაბადებისას დაგარქვეს. ჩვენ ასეთ სიტუაციებს მუდმივად ვაწყდებით“, - ამბობს უნგრელი ტრანსგენდერი ქალი.
მაგაშაზის ეშინია, რომ ევროპაში ულტრამემარჯვენე ძალები მომძლავრდებიან. „შეხედეთ უნგრეთს და რა დღეშია აქ ტრანსგენდერული საზოგადოება. თუ ამ ძალებს აირჩევთ, იგივე მოხდება თქვენს ქვეყნებშიც“, - ამბობს მონიკა მაგაშაზი.
ამ აზრს იზიარებს ერთნაირსქესიანი წყვილი, ვანესა სანტამარია და ლორა მაგნარინი, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ. მათი და კიდევ 30 წყვილის ბავშვის დაბადების მოწმობა უკანონოდ ცნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2023 წელს ჯორჯა მელონის მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას უბრძანა, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების ორივე მშობლის რეგისტრაცია აღარ მომხდარიყო.
„მე ჩემი შვილის ბიოლოგიური დედა ვარ. და თუ სასამართლოში მე და ჩემი პარტნიორი აპელაციას წავაგებთ, ბავშვთან დაკავშირებით ყველა უფლებას დავკარგავ. მელონის მთავრობა ამბობს, რომ ის და მისი პარტია ოჯახების უფლებებს იცავენ. მაგრამ ჩვენც ხომ ოჯახი ვართ და ზუსტად იგივე უფლებები უნდა გვქონდეს“, - ამბობს სანტამარია.
სანტამარია და მისი პარტნიორი ამბობენ, რომ იტალიის მთავრობა ამ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დისკრედიტაციას ახდენს და მათგან თითქოს მეორე ხარისხის ბავშვებს ხდის. იტალიის მთავრობა კი აცხადებს, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილების ბავშვებს არანაირი დისკრიმანაცია არ ეხებათ, რადგანაც მათ შეუძლიათ სწავლა და სამედიცინო დახმარების მიღება ისევე, როგორც ოჯახებს, რომლებშიც მხოლოდ ერთი მშობელია.
სანტამარია და მისი პარტნიორს, მაგნარინს ეშინიათ, რომ მთავრობის საბოლოო მიზანია LGBTQ+ საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილის კამპანიის გატარება. ისინი ძალზე ფრთხილად უყურებენ ულტრამემარჯვენეთა გაძლიერებას. ამბობენ, რომ ზოგიერთი ეს პარტია, მაგ, „იტალიის ძმები“, ფაშისტურ ფესვებზე აღმოცენდა.
„მელონი დაეუფლა სტრატეგიას, როდესაც ის ადამიანებს ეუბნება იმას, რისი მოსმენაც სურთ,
ხოლო ნამდვილი განზრახვების შესახებ იტყუება,“ - ამბობს სანტამარია.
ჯორჯა მელონის ევროპის ულტრამემარჯვენე ძალებთანაც კარგი ურთიერთობები აქვს და ის მემარჯვენე-ცენტრისტულ ურსულა ფონ დერ ლაიენთანაც შესანიშნავად თანამშრომლობს. ამიტომ ევროპის პოლიტიკაზე მელონის საკმაოდ სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია.
პოლონელი LGBTQ+ აქტივისტი ბარტ სტაშევსკი ამბობს, რომ ევროპის პოლიტიკურმა ლიდერებმა „ღირსეული არჩევანი“ უნდა გააკეთონ და გადაწყვიტონ, თუ ვისთან აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.
სტაშევსკი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები-აქტივისტები პოლიტიკოსთა მხრიდან მიზანმიმართულ შეტევებს წააწყდნენ. „ჩვენ პოლონეთის ნაციონალისტურ-კონსერვატიული მთავრობის პირობებში თავს მეორეხარისხოვან ადამიანებად ვთვლიდით. ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობდა და ვიდრე ჩვენ და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები მიხვდნენ, თუ რა ხდება, პოლონეთის ტერიტორიის მესამედი LGBTQ+-გან თავისუფალი გახდა“, - ამბობს სტაშევსკი.
ახლა პოლონეთის მთავრობა შეიცვალა და ბარტ სტაშევსკი იმედოვნებს, რომ სიტუაცია მის ქვეყანაში ძირეულად შეიცვლება. „მე და ჩემი კოლეგები ვართ ჯარისკაცები, რომლებიც დემოკრატიისთვის ვიბრძვით. ძალზე მნიშვნელოვანია წინა წლების გამოცდილების გათვალისწინება, რათა ეს შეცდომებია აღარ განმეორდეს“, - ამბობს პოლონელი LGBTQ+ აქტივისტი.
თარგმანი: newshub.ge
0
0