
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.
ლევან ჟორჟოლიანმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე მიულოცა ყველას, ვისაც ინტელექტუალური შრომით და პროფესიონალიზმით საზოგადოების კულტურულ და ეკონომიკურ წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„2023 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, რამაც საფუძვლიანად გააუმჯობესა მოქმედი რეგულაციები. რეფორმის შედეგად ახალი კანონი სრულად შეესაბამება როგორც ევროკავშირის დირექტივებს, ისე საერთაშორისო პრაქტიკას. კოლექტიური მართვის სისტემაში დაინერგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ჰონორარების ეფექტიანი მართვის თანამედროვე მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს უფლებამფლობელთა ინტერესების დაცვას მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტებით. საქპატენტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, ახორციელებს სისტემურ რეფორმებს, აღრმავებს საერთაშორისო თანამშრომლობას და ხელს უწყობს განათლების და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას. ინტელექტუალური საკუთრების სფერო საქართველოში არა მხოლოდ რეაგირებს თანამედროვე გამოწვევებზე, არამედ დინამიკურად და წარმატებით ვითარდება, რაც მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ და ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თამარ გვარიშვილმა.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
0
0