
„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 100%-იდან 61%-იანი შეფასება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მე-12 ადგილზე გავიდა გამჭვირვალობის კუთხით, 27-ე ადგილი დაიკავა სასამართლო სისტემის ხარისხით, 25-ე ადგილზე გავიდა ბიუროკრატიის ხარისხით, ხოლო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, აღნიშნული კვლევა გამოაქვეყნა ევროკომისიამ, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 100%-იდან 61%-იანი შეფასება მიიღო და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის გამჭვირვალობა, მე-12 ადგილზე გავიდა, 27-ე ადგილზე გავიდა სასამართლო სისტემის ხარისხით, ბიუროკრატიის ხარისხით 25-ე ადგილზე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევას აწარმოებდა ჩანდლერის ინსტიტუტი და ევროკომისიამ გამოაქვეყნა აღნიშნული დასკვნები, რომელიც, ასევე, თავის მხრივ, ეფუძნება მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
„კარგი მთავრობის ინდექსი“ მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება შვიდ ფაქტორში – ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში – გამჭვირვალობა მე-12 ადგილი, ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა 32-ე ადგილი, გრძელვადიანი ხედვა მე-16 ადგილი, ადაპტაციის უნარი მე-11 ადგილი, კოორდინაცია 24-ე ადგილი, სასამართლო სისტემის ხარისხი 27-ე ადგილი, ბიუროკრატიის ხარისხი 25-ე ადგილი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები მე-15 ადგილი, ინვესტიციების მოზიდვა მე-4 ადგილი. კარგი მთავრობის ინდექსს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, ჩანდლერის ინსტიტუტი აწარმოებს და მას ყოველწლიურად ევროკომისია აქვეყნებს.
0
0