
თვეების განმავლობაში როდესაც ვამბობდით, ვიმსჯელოთ, ახლა არის დრო, „ლელოს“ პოზიცია იყო, რომ „ახლა ამის დრო არ არის“, ახლა რატომ დადგა ეს დრო, კალენდარულად მოუწიათ, ნახევარი ოპოზიცია რომ დაჭერილი ან დასაჭერია?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნახევარი ციხეში ზის და არჩევნებში მონაწილეობა არაკეთილსინდისიერი ქმედებაა კოლეგა ოპოზიციონერებთან მიმართებით.
„ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს. მასში ქართველი ხალხის ურყევი ნებაა დაფიქსირებული, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გამიჯნული ჰყავთ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი, ეს არის ყველაზე სწორი. მეორე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით არის ორი მნიშვნელოვანი ჩანაწერი. ერთი მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც ბევრმა არ შეიმჩნია, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ საკითხს არა თუ არ აყენებენ ეჭვქვეშ, არამედ ამის აქტუალიზაციასაც ახდენენ. მეორე, „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის მედროშეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ჩანაწერია გაკეთებული. პოლიტპატიმრებთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკო-ს მიკერძოებასთან დაკავშირებით, ყველგან არის ძალიან მკაფიოდ გაკეთებული განცხადება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოწვეულია იმით, რომ როგორც ქუჩის პროტესტის დროს ერთიანობით შევძელით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის პრობლემის შექმნა საერთაშორისო მასშტაბით, ზუსტად ასე ერთიანობით, ერთიანი პოზიციით უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ერთიანი პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებულია ე.წ. არჩევნების ბოიკოტთან. ჩვენს პოზიციას განსაზღვრავს ქართველი ხალხი და პოლიტიკური მიზანშეწონილობა. არც პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რადგან არცერთი პირობა არ იცვლება, არც ახალი საპარლამენტო არჩევნები, არც პოლიტპატიმრები არიან გარეთ, არც ცესკო არ იცვლება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მისი თქმით, ქართველი ხალხის და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის პოზიციაა, რომ ადგილობრივი არჩევნები არის რუსული სპეცოპერაცია, რომელიც არ უნდა შედგეს.
„ისეთი მკაფიოები ვართ, როგორც არასდროს და ჩვენი პოზიცია არ ექვემდებარება ამ პირობებში და მოცემულობაში რევიზირებას. ჩვენ აქტიური ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ოფისში ჯდომას, არამედ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აქვს აზრი, ვეცდებით ან გადავარწმუნოთ, ან ვერ გაბედოს არჩევნებში მისვლა. თვეების განმავლობაში როდესაც ვამბობდით, ვიმსჯელოთ, ახლა არის დრო. „ლელოს“ პოზიცია იყო, ახლა ამის დრო არ არისო, ახლა რატომ დადგა ეს დრო? კალენდარულად მოუწიათ, ნახევარი ოპოზიცია რომ დაჭერილი ან დასაჭერია? მაინტერესებს, როგორ უნდა ეკამათონ ზურა გირჩი ჯაფარიძეს და ნიკა მელიას. როდესაც ვეუბნებოდით, გვეკამათა, გვეუბნებოდნენ – ახლა ამის დრო არ არისო და როცა გვაჩუმებენ, გვიჭერენ, მოგვადგნენ, უი, თბილისი მოსაგებია, ოღონდ თქვენს გარეშე ვერ ვიგებთო. ნახევარი ციხეში ზის და ეს არაკეთილსინდისიერი ქმედებაა კოლეგა ოპოზიციონერებთან მიმართებით“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
0
0