
შეიცვლება გარკვეული თანამდებობის პირები, დანარჩენები დარჩებიან თავიანთ ადგილზე და გააგრძელებენ უფრო წყნარად, სხვა ტაქტიკით უკრაინელი ხალხის ფულის მოპარვას. როცა დასრულდება ომი და დაიწყება უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენა, იქ წავა ახალი ომი, ვინ როგორ მოიპაროს ფული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა, რითაც უპასუხა უკრაინის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
გადაცემის წამყვანმა მას ასევე ჰკითხა - ამ ფონზე, შეუძლია თუ არა ევროკავშირს, ისაუბროს ისევ ისე უკრაინის წარმატებაზე, როგორც აქამდე?
„ევროკავშირისთვის რეალობას, როგორც ჩანს, მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინა ყოველდღიურად კარგავს მიწის ტერიტორიას და გვეუბნებოდნენ, რომ წარმატებულიაო, როგორ შეიძლება ქვეყანა წარმატებული იყოს, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? იმ ადამიანებმა ვისაც ქვეყნის დაცვა ხელეწიფებოდა, აიშენეს ვილები უცხოეთში, შეიძინეს ძვირად ღირებული მანქანები და ა.შ. ევროკავშირის განცხადება, რომ უკრაინა ჩვენზე ძლიერია ან წინაა, სასაცილო კი არა, ტრაგიკულია.
მათ ისევ უნდათ რომ ომი გაგრძელდეს და თუ ზელენსკის შეცვლიან, მოიყვანენ სხვა ზელენსკის, რომელიც აუცილებლად შევა მათთან გარიგებაში და ისევ გაგრძელდება ეს ომი და ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლების ჯიბეების გასქელება. 19 სასანქციო პაკეტი დაწესდა და მანამდე 18-მა რა გააკეთა ან შეზღუდა რუსეთი? ან როგორ შეზღუდავდა, როცა რუსეთთან არაფორმალურად დღესაც ვაჭრობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. არაფერი შეიცვლება სანამ ევრობიუროკრატიას ასეთი დღის წესრიგი აქვს და არც საქართველოსთან მიმართებით შეიცვლება რამე“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
0
0