
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტი მნიშვნელოვანია.
როგორც მახაშვილმა განაცხადა, ეს კარგი შესაძლებლობაა საჯარო დისკუსიის და სახალხო დიპლომატიისთვის.
„რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი ლედის ამერიკაში ვიზიტი მნიშვნელოვანია. ის მონაწილეობას მიიღებს,ამერიკის პირველი ლედის მიერ მასშტაბურ, გლობალურ კონფერენციაში. ეს ეხება ბავშვებს, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ბევრი გამოწვევა არსებობს ბავშვების უსაფრთხო განვითარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პირველ ლედის შესაძლებლობა ექნება, რომ მთელი მსოფლიოდან მონაწილე პირებთან სწორედ ამ თემებზე ისაუბროს. ამ თემატიკის გარდა, ეს კარგი შესაძლებლობაა, საჯარო დისკუსიის და სახალხო დიპლომატიისთვის. მას საშუალება ექნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება, თუ თეთრი სახლი, საკუთარ კოლეგებს ქვეყნის მოლოდინები გააცნოს.
საერთო ჯამში, ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, ეს არის კარგი კომპონენტი, საჯარო დიპლომატიის ნაწილში.
მივესალმებით, რომ პოლიტიკურ ურთიერთობებთან ერთად ამ სახის ურთიერთობებიც ნელ-ნელა ნორმალურ საწყისებს უბრუნდება. ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები მრავალგანზომილებიანი პროცესია. ამიტომ მივესალმებით, ყველა მიმართულებას ყველა სფეროში. პირველი ლედის ვიზიტიც ამ ნაწილს ემსახურება.
მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაშიც ჩვენ შევძლებთ, არსებული პროგრესის მიღწევას პოლიტიკურ ნაწილშიც. ეს ორმხრივი პროცესია, თანამშრომლობის მზაობა ჩვენი მხრიდანაც გაჟღერებულია, ამერიკისგანაც კარგი იმპულსები და გზავნილებია ამ ნაწილში“,- განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
0
0