
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს.
წერილში ნათქვამია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.
ამასთან, მახაშვილი ევრონესტს მოუწოდებს, რომ დაუბრუნდეს ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას.
„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. მრავალმხრივი დიალოგი, რაც ასამბლეის მონაწილეების მიერ თავის დროზე ფართოდ იყო გაზიარებული, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა.
სულ უფრო მეტად ვართ შეშფოთებულები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. განზრახ დამახინჯებული და ცრუ პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო მეტად ხდება იმ ევროპარლამენტარების ქმედების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ფაქტების, მტკიცებულებებისა და ქართველი ხალხის ნების ნაცვლად, უპირატესობას დანაშაულში მსჯავრდებულ თავიანთ პოლიტიკურ პარტნიორებს ანიჭებენ. ქართულმა საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ უერთდებოდნენ აღნიშნული ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს, რაც სცილდებოდა საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ზოგიერთი წევრი აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახალისებდა საზოგადოებრივ არეულობას, რადიკალიზაციასა და ძალადობას. აგრეთვე, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები და ანგარიშები კვლავაც უგულებელყოფენ ქართველი ხალხის დემოკრატიულად გამოხატულ ნებას.
ამასთან, ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით, პლენარულ სესიაზე „სამოქალაქო საზოგადოების“ საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას. ამგვარი ქმედებებისა და მათთან დაკავშირებული ძალადობისგან მკაფიო გამიჯვნის ნაცვლად, ასამბლეის ამჟამინდელი მიდგომა ლეგიტიმაციას აძლევს იმ აქტორებს, რომელთა დღის წესრიგი არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. ამრიგად, ამ პირებისთვის პლატფორმის დათმობით ევრონესტი ნორმალიზებას უკეთებს და ხელს უწყობს ანტიდემოკრატიულ ქცევას, ასევე, ამართლებს ძალადობრივ ან რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დიალოგისა და მშვიდობის იმ ძირითად ღირებულებებს, რომელთა დაცვაც ამ ინსტიტუტის მიზანია.
ის ფაქტი, რომ პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა არ მონაწილეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში, სერიოზულ მანიშნებელს უნდა წარმოადგენდეს იმისა, რომ ევროპარლამენტის ამჟამინდელ მიდგომა არასწორია. ევროპარლამენტი უნდა დაფიქრდეს, მისი ამჟამინდელი ნაბიჯები აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას, თუ ანადგურებს პარტნიორობის ხიდებს. მისი ზედმეტად პოლიტიზირებული მიდგომა ძირს უთხრის როგორც ასამბლეისადმი სანდოობას, ისე ევროკავშირსა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებს შორის პარტნიორობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას, დაფიქრდეს ზემოხსენებულ ლეგიტიმურ კითხვებზე და დაუბრუნდეს ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპების პატივისცემას. მხოლოდ ამგვარი გადააზრებით შეძლებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა თავისი ნამდვილი მისიის შესრულებას და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მისი მონაწილე ქვეყნებისთვის სანდო პლატფორმად ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია წერილში.
0
0