
საქართველოში აკრედიტებული ელჩების არადიპლომატიურ განცხადებებზე ხელისუფლებას ხისტი რეაგირება არ სურს, თუმცა არ არის გამორიცხული "წითელი ხაზების" გადაკვეთის შემთხვევაში, გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
ამის შესახებ რადიო "სივრცეში" გადაცემა "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, ზაზა შათირიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა, სადაც ფილოსოფოსი ხელისუფლებას მოუწოდებს გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას "საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის“ რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად“.
მახაშვილის განცხადებით, ელჩების ქმედებებთან თუ განცხადებებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიზანი არ არის ხისტი მოქმედება და ვინმეს გაძევება.
ჩვენ რომ შევხედოთ დიპლომატიის ისტორიას, გერმანიის ელჩის და ევროკავშირის ელჩის განცხადებები სრულიად საკმარისია ვენის კონვენციის დარღვევის საბაბით ვინმე აღარ დაუშვა ქვეყანაში. მაგრამ ჩვენი სურვილი არ არის ხისტი მოქმედება და ამიტომ როგორც შეგვიძლია, არგუმენტირებულად ვპასუხობთ მათ და მაქსიმალურად მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ“ - განაცხადა მახაშვილმა და თქვა, რომ თუ მათ რეალური სურვილი აქვთ ქვეყანაში წესრიგის და მშვიდობის, კარგად იციან რა უნდა გააკეთონ.
თუმცა, მახაშვილი ხაზს უსვამს, რომ ყველაფერს აქვს ზღვარი და ოდესმე შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას ხისტი ნაბიჯების გადადგმა მართლაც მოუწიოს, რისი სურვილიც ნამდვილად არ აქვს.
"ჩვენი სურვილია დაუბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებს" - აცხადებს მახაშვილი.
0
0