
"ადვოკატთა ასოციაციაში არავინ ეძებს ბელადს - მიზანი მართვის ისეთი გამჭვირვალე ბერკეტის შემოღებაა, რომ ნებისმიერ ადვოკატს ნებისმიერ მომენტში შეეძლოს პროცესში მონაწილეობა" - ამის შესახებ რადიო "სივრცეში" ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარებულ არჩევნებსა და დაგეგმილ მეორე ტურზე, ასოციაციის ახლადარჩეული აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ლევან მახარაშვილმა ისაუბრა, რომელიც თავმჯდომარეობის კანდიდატ, ირაკლი ყანდაშვილის გუნდის წევრია.
მისი თქმით, ყანდაშვილის გუნდის მიზანი არა დაყოფა და ურთიერთობების პოლარიზებაა, არამედ გაძლიერება და ისტორიაში ყველაზე ძლიერი ასოციაციის ჩამოყალიბებაა.
ლევან მახარაშვილის აზრით, ზოგისთვის შეიძლება სწორედ დაბალანსებული მიდგომები არ ყოფილიყო მოსაწონი, რადგან ქართველი ხალხი მაღალი ტემპერამენტის ერია, პოლიტიკური პროცესები პოლარიზებულია და ყურიც მიეჩვია რადიკალიზმს.
"თუმცა, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ იყოს ერთიანი ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების დროს. არავინ უნდა წარმოიდგინო რომ ამ ასოციაციაში ეძებენ ბელადს. მოხდა ნეგატიური გაშუქება ამ პროცესის, კეთდებოდა მიზანმიმართული განცხადებები რომ თითქოს ვერავინ ვერავის დაგვასვამს თავზე. ეს არ იყო შემთხვევითი განცხადებები - კეთდებოდა ტემპერატურის ასაწევად და მაქსიმალური პოლარიზებისთვის, რომ დაძაბულობის ფონზე კონკრეტული ძალებისთვის ხელსაყრელი შედეგი დამდგარიყო და ადვოკატთა ასოციაცია გამოყენებულიყო პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რაც არასოდეს მოხდება" - განაცხადა მახარაშვილმა.
მისი თქმით, ყანდაშვილის გუნდი იდეის გარშემოა გაერთიანებული, შედეგად ყველა დაპირება, სლოგანი თუ განაცხადი იყო ერთობლივად შემუშავებული და არ ყოფილა მხოლოდ ირაკლი ყანდაშვილის პროგრამა, რომელსაც შემდეგ, ყველა უპირობოდ დაეთანხმებოდა.
ლევან მახარაშვილმა ისაუბრა ასევე არჩევნების პირველ ტურზე, რომელმაც სხვადასხვა გუნდების მიუხედავად, ძალიან მშვიდ და ერთიანობის პრინციპით ჩაიარა და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურიც ასეთივე იქნება.
"ზოგს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, ობიექტურად თუ სუბიექტურად რომ არ არის პროცესში ჩართული, ამიტომ გვინდა მართვის იმდაგვარი გამჭვირვალე ბერკეტის შემოღება, რომ ნებისმიერ ადვოკატს, ნებისმიერ მომენტში შეეძლოს მონაწილეობა პროცესში“ - განაცხადა მახარაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა გუნდების მიუხედავად, ასოციაცია ერთიანია და მომავალშიც ასეთი იქნება.
0
0
ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
18/12/2025