
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაჭავარიანი განცხადებით, ის, რაც რამდენიმე წლის წინ ვენესუელის სახელმწიფომ გააკეთა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების „სახელმწიფოებად“ გამოცხადების შესახებ, სასურველია, რომ გააუქმონ.
„ვენესუელისგან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში, ის რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და აღიარეს ჩვენი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი „სახელმწიფოები“ ეს აღიარება, რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან აშშ-ის პოლიტიკის შეფასება. ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, მით უმეტეს აშშ-ის შიდა საქმეებში, ეს თავიანთი საქმეა. ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე გადაწყდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესში შედის“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
გარდა ამისა, მან USAID-ის პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადო, „თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში".
„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია თავად ამხელს თავიანთ მსხვილ ორგანიზაციას, USAID-ს, როგორც კრიმინალურ ორგანიზაციას და ამასთან დაკავშირებით უამრავი ფაქტი და მტკიცებულება დადეს, თუ როგორ მავნებლობდა USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში, ამით ყველაფერი ნათქვამია. მეორეს მხრივ, როდესაც ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი NGO-ები USAID-ის ქება-დიდებით არიან დაკავებულები, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პირდაპირ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და განაცხადა, რომ დაახლოებით 8% ხმარდებოდა USAID-ის მიერ დეკლარირებულ საქმიანობას იმ თანხიდან, რა თანხასაც USAID-ი იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან, ხოლო 92% ხმარდებოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა USAID-ს და რომელიც ხმარდებოდა ქვეყნებში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ქვეყნის ჰარმონიული ცხოვრების წესის დარღვევას და ა.შ. ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
0
0