
ოპოზიციაში უბედურ დღეში არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოპოზიცია ასეთ გამარგინალებულ მდგომარეობაში არ მახსოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ეს საკუთარ თავს თავადვე დამართეს, ვინაიდან „გარე ძალებისთვის ამდენი მსახური და გარედან შეკვეთილზე ცეკვა ჩვენს მოქალაქეებს ყელში ამოუვიდათ“.
„უკვე ყველა კარგად არჩევს თეთრს და შავს და იაზრებს, რომ მთლიანად ეს აგენტურული ოპოზიცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ გარე დავალებების მიხედვით იმართება. ეს ქართველებს ძალიან არ მოსწონთ. დაფინანსება აქვთ შემცირებული, ვინაიდან ბატონმა ტრამპმა დაკეტა NED და USAID, ისინი დარჩნენ ბრიუსელიდან წამოსული ფულის ამარა. ეს ფული ერთმანეთში გასაყოფია და ახლა ერთმანეთს ხოცავენ, ვის მეტი შეხვდება. ვინაიდან მათ გარე პატრონებს უნდა დაუმტკიცონ, ვინ წარმოადგენს საქართველოში „სერიოზულ ძალას“, რომელი რომელს დაჩაგრავს და ვინც მჩაგვრელი იქნება, იმ მჩაგვრელს თავიანთი გადმოსახედიდან უფრო მეტი დაფინანსება და პრივილეგიები შეხვდება.
საუბედუროდ, ყველა გაყიდულია. ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია, გარე პატრონებს ემსახურებიან და დაფინანსებას იღებენ კონკრეტული ფონდებიდან, შავი გზებით და მდიდარი „ენჯეოების“ გავლით. ამიტომ ჰქონდათ მოწყობილი ამხელა ისტერიკა გამჭვირვალობის უმარტივეს კანონზე, ვინაიდან ძალიან ბევრი შავი ხვრელი ამოექოლათ. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლები შავი ფული ტრიალებს დღეს ამ კანონებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, ისინი განულებამდე მიდიან, აბსოლუტურად ყველა პარტია. ეს პროცესი ბუნებრივიცაა, თუმცა ხელოვნურადაც დადგმულია გარკვეული სცენები. მაგალითად, ალიანსის შექმნა და ამ ალიანსში ამხელა ხმაურის ატეხვა. გარე პატრონებს სურთ, პარტია „ლელო“ და გახარიას პარტია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნონ, ჩვენს მოქალაქეებში დატოვონ ისეთი აღქმა, თითქოს ეს ორი პარტია დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებს და უფრო მეტი ფსონი დადონ ამ პარტიებზე 2028 წლის არჩევნებისთვის. თუმცა, ყველაფერი ყველამ კარგად გაშიფრა და ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ხვდება, რომ ეს პარტიებიც ანალოგიურია, როგორც დანარჩენი აგენტურული პარტიები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
0
0