
სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.
მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს, უბრალოდ, მათი მხრიდან სასამართლოს „გაშავების“ კამპანია ემსახურება ერთადერთს, რომ საზოგადოებაში კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი დააგდონ.
„ჩვენი რადიკალური ოპოზიციაც ენდობა ჩვენს სასამართლოს, რადგან იცის, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები ობიექტურობას ეფუძნება და არანაირად არ არის მიკერძოებული. ამის თვალსაჩინო მაგალითი და დასტურია ის, რომ რაც კი სტრასბურგში გაასაჩივრეს, აბსოლუტურად ყველგან დადგინდა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მოქმედებს. სარჩელების შეტანა მათი უფლება და დემოკრატიული პროცესის ნაწილია. სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს კარგად იციან, უბრალოდ, მათი მხრიდან სასამართლოს გაშავების კამპანია ემსახურება ერთადერთს - ჩვენს საზოგადოებაში კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი დააგდონ და ა.შ”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
0
0