13/03/2026
18:54

ეს დასკვნა ვისი შედგენილიც არის, ის ადამიანი საქართველოში ორი დღე იმყოფებოდა და სულ რამდენიმე დღეში მოასწრო, რომ ასე ძირეულად შეესწავლა ამდენი საკითხი, რა თქმა უნდა ეს ნახევრად ხუმრობით. შესაბამისად, ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა და ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს დასკვნა უკვე გამზადებული იყო. უბრალოდ, რაღაც ფორმალობა ჩატარდა, რომ თითქოს ადამიანი ჩამოვიდა, ორ დღეში შეისწავლა საქართველოს უახლესი ისტორია და შემდეგ დაწერა ამხელა დასკვნა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე საუბრისას.
მისი თქმით, გაუგებარია რატომ მოჰყვა ამხელა განხილვა ამ ანგარიშს, ვინაიდან მას ისეთივე წონა აქვს, როგორც ორმაგი სტანდარტებით შედგენილ ნებისმიერ რეზოლუციას.
„ვერ ვხვდები, რატომ გახდა ამხელა განხილვის საგანი. რადიკალური ოპოზიციისთვის მესმის, რა თქმა უნდა, მათთვის ხელოვნური ჟანგბადის მიწოდების მცდელობა არის. რაღაცაზე უნდა ისაუბრონ ხომ?! ბოლომდე გამარგინალებული არიან, განულებულები. 57 წევრი ქვეყანაა და დაახლოებით 40%-ია იმ ქვეყნების რაოდენობა ვინც შეუერთდა ამ მექანიზმის ამოქმედებას. განვუმარტავ ჩვენს საზოგადოებას, რომ მხოლოდ რეკომენდაციის სახით უნდა მოამზადოს ამ მექანიზმმა პუნქტები. არანაირ აღსრულებას არ ითვალისწინებს. მისი არანაირი მანდატი არ არის, ნახსენები იყო დასკვნაში სასამართლო, ტრიბუნალი... პირიქით, საერთაშორისო სასამართლოებში მზად ვართ და მივესალმებით ნებისმიერი საკითხის განხილვას და ასით ნული არის ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ, რაც წაიღეს სტრასბურგის სასამართლოში. დანარჩენი ზუსტად ისეთი უაზრობებია, რასაც რეზოლუციებში ვხედავთ, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ პირობებში აქ ხდება წამება, გვყავს პოლიტპატიმრები. იქნებ სია გამოგვიგზავნოს ვინმემ ან ეუთოს ამ მექანიზმის ფარგლებში ან ევრობიუროკრატიამ ვის მოიაზრებენ ისინი პოლიტპატიმრებად და გავიაროთ მერე ჩამოთვლილი ადამიანების მიხედვით თუ რა ბრალი ედებათ ამ ადამიანებს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, გარე აქტორებმა საუბარი იმაზე თითქოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და გამჭვირვალობის შესახებ კანონი იქნა მიღებული.
0
0