
ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რადიკალების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი კირცხალიას წერილს.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით შემთხვევითი არ არის და ის კარგად ორკესტრირებულია.
„ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ბოლოს იყო ჰუმანიტარული მიზნით საწვავის შეტანა აფხაზეთში, ორმაგი ენერგიით აქტიურდებიან და ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში. სააკაშვილის განცხადება შემთხვევითი არ არის, ამას წინ უძღოდა კარგად დაგეგმილია კამპანია, ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება, რომელმაც ქართველებს ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. შემდეგ, გვარამიას განცხადება გვახსოვს, რომ თითქოს ეს [აფხაზეთი] ტრავმა არის, რომელიც უნდა მოვიშოროთ. მას აყვა ქალბატონი სამადაშვილი, შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა შეკრა მთლიანად ეს ნარატივი. ესენი არიან ქვეყნის მტრები და რა თქმა უნდა მათ უნდათ, რომ შუღლი ხელოვნურად გაღვივებული, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
0
0