
ეს არ არის არც ბელარუსი და უკვე არც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ქვეყანაში კრიმინალები, მკვლელები ქუჩაში დადიან, 18 წლის ახალგაზრდებს ყელს ჭრიან და ესენი ციხეში უშვებენ სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის ეხმაურება ფაქტს, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.
„ეს არ არის არც ბელარუსი და უკვე არც რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ქვეყანაში კრიმინალები, მკვლელები ქუჩაში დადიან, 18 წლის ახალგაზრდებს ყელს ჭრიან და ესენი ციხეში უშვებენ სამოქალაქო აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს.
უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მასთან არ მისულა უსამართლობა, აუცილებლად მივა. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველამ გავიაზროთ, რომ ძალა ერთობაშია, ძალას დავუპირისპიროთ ძალა და ამ მწამებელ რეჟიმთან ენისმოჩლექით საუბარი და აქცია-პერფორმანსებით ფონს ვერ გავალთ. ეს რეჟიმი მზად არის დაიჭიროს ყველა - ქალები, პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები, მსახიობები. შესაბამისად უნდა გვესმოდეს, რომ ბელარუსზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ და ეს არის კადიროვის ჩეჩნეთის მსგავსი ბანდით მართული ქვეყანა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.
0
0