24/12/2025
23:31

ჩვენ თუ ვხედავთ ადამიანების საკმარის რაოდენობას, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სრული უფლება, გადაკეტონ როგორც საფეხმავლო ადგილი, ასევე სატრანსპორტო სავალი ნაწილი, მაგრამ ასეთი რაოდენობა თუ არ არის, ადამიანთა მცირე ჯგუფს ასეთი ლეგიტიმაცია არ აქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ქმნის თუ არა პრობლემას სახალხო დამცველისთვის „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ჩანაწერები და რამდენად თავსებადია ეს ჩანაწერები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის საერთაშორისო პრაქტიკასთან, რადგან მიმდინარე წელს განვითარებულ მოვლენების ფონზე ცალკეულ უფლებადამცველი ორგანიზაციების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისმის კრიტიკა ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან და იმ კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა და გამკაცრდა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდა, ორივე შემთხვევაში მის მიერ მოთხოვნილი იქნა დასკვნა ეუთო/ოდირ-ისგან და ორივე შემთხვევაში გაიგზავნა ცვლილებების პაკეტი ეუთო/ოდირ-ში, მათ შეაფასეს ეს ცვლილებები და მათი მხრიდან ეს ცვლილებები ორივე შემთხვევაში ნეგატიურად შეფასდა
„იქ მთელი რიგი დასაბუთებაა, რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს ცალკეული მიმართულებებით“, – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ის უფლებები, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ბუნებრივია, ამ უფლებებს წესით, ვერაფერი უნდა შეეხოს და მეორე საკითხია, სახელმწიფო როგორ გადაწყვეტს, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მარტო საერთაშორისო პრაქტიკასთან მოდის შესაბამისობაში, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებებთან და რაც მთავარია, საღ აზრთან და ლოგიკასთან მოდის შესაბამისობაში. ერთ მხარეს როდესაც არის გამოხატვის თავისუფლების უფლება, რაც არ არის აბსოლუტური უფლება, მეორე მხარეს არის სხვა ტიპის უფლებები, რომელიც, თავის მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია და თუ ეს გამოხატვის უფლება შესაძლებელია, რეალიზდეს კონკრეტულ ადგილას, მაგალითად, მცირე ჯგუფის მიერ, არ შეიძლება, სავალი ნაწილი მთლიანად გადაიკეტოს, რასაც ვადევნებდით თვალს რამდენიმე თვის განმავლობაში. ამაზე ძალიან დიდი კრიტიკა დავიმსახურე.
როდესაც არსებობს ადამიანთა რაოდენობა, მათ სრული ლეგიტიმაცია აქვთ, გადაკეტონ საფეხმავლო და სატრანსპორტო გზა. ისინი ფიქრობენ მათი არგუმენტით, რომ ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა. კი ბატონო, უბრალოდ სხვა ადამიანების უფლებების ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს, თორემ ნებისმიერი პროტესტი მისაღებია. ეს არ უნდა მოხდეს სხვა ადამიანების უფლებების შემცირების, შელახვის ხარჯზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ამ გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე, აქ მნიშვნელოვანია ის პროპორციულობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა იოსელიანმა.
0
0