
საქართველოს სახალხო დამცველი 18 მარტს თბილისში ოპოზიციური პარტიებისა და ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანსგერგისს შორის გამართულ შეხვედრაზე ცალკეული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ფაქტს გამოეხმაურა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია.
„სახალხო დამცველს სხვადასხვა პერიოდში შეუფასებია, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის პრაქტიკა.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია რაც თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.
სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიებისა და გაბრიელიუს ლანსგერგისის გუშინდელ შეხვედრაზე რამდენიმე მედიასაშუალება არ დაუშვეს, მათ შორის – საზოგადოებრივი მაუწყებელი.
0
0