
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე გაერთიანებული სამეფოს ბიზნესსექტორს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.
„საქართველო ევროპისა და აზიის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია, ჩვენი მდებარეობა ძირითადი სავაჭრო დერეფნების, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შუა დერეფნის გადაკვეთაზე გვაქცევს ბიზნესის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის ბუნებრივ ცენტრად. ჩვენ ვიყენებთ ამ უპირატესობას სანდო და ეფექტური საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, ინვესტორთა დაცვის გაძლიერებით და ძლიერი იურიდიული და ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პირველმა ვიცე-პრემიერმა გაერთიანებული სამეფოს ბიზნესსექტორს საქართველოს ეკონომიკური ზრდა-განვითარების მთავარი მაჩვენებლები და დინამიკა, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები და საინვესტიციო გარემო გააცნო.
„ჩვენ შევძელით ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან ორმხრივ ფორმატზე – გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე (ძალაშია 2021 წლის იანვრიდან), მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე შეუფერხებელი გადასვლა. 2024 წელს ჩვენმა ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 170 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა 2025 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. ანალოგიური დადებითი ტენდენციაა საინვესტიციო ნაკადებში – გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 450 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-იან ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ფინანსურ და სადაზღვევო სექტორში განხორციელდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლონდონი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს უკვე მესამედ მასპინძლობს. წელს ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, რაც ღონისძიების მიმართ ბიზნესსექტორის მაღალ ინტერესზე მეტყველებს. საქართველოს მხრიდან საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„გლობალური ეკონომიკური გამოწვევებისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა და სტაბილური ზრდა აჩვენა. ზედიზედ ორნიშნა ზრდის წლებისა და მუდმივი ძლიერი მაჩვენებლების წყალობით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად ჩამოყალიბდა. წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ – 9,4%, 2025 წლის პირველ კვარტალში კი 9,3% შეადგინა. 2024 წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 32 372-ს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის 31 მარტს განახლებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული ნაკადების შემდგომ გაზრდასა და ეკონომიკური და ბიზნესკავშირების გაღრმავებაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ფორუმის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს ბიზნესსექტორისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
0
0