24/04/2025
18:23

უახლოეს ხანებში ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
მისი თქმით, საქართველომ და აშშ-მა ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყონ ურთიერთობები და ორივე ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენაა.
"ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი არ გვქონდა, რადგან ჩვენ უკვე გვქონდა ინფორმაცია წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომ არსებობს დადებითი პოზიციები. უბრალოდ მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურები და აქედან გამომდინარე ეს არ არის საკითხი, რომელიც საჭიროებს ჩვენს ჩართულობას. ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობის კიდევ უფრო გააძლიერებს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ხვდა წილად საქართველოს ხელისუფლებასაც და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასაც, რადგან ბოლო თვეებში წინა ადმინისტრაციის მიერ ბევრი რამ გაუარესდა ორმხრივ ურთიერთობებში.
"სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენ ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ ორივე ხელისუფლებისთვის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმისთვის, რომ უფრო ხელშესახები იყოს თანამშრომლობა. მაგრამ ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ძალიან ბევრი კონკრეტული ახალი მიმართულება შეიძლება შევიტანოთ, რაც რა თქმა უნდა ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
0
0