
თბილისში, მშვიდობის ხიდთან პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“, აქცია დასრულდა. ლიდერებმა მხარდამჭერები შეკრიბეს სახელისუფლებო პარტიის, „ქართული ოცნების“ ოფისთან მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა მათ რეგისტრაცია გაუუქმა.
ამ საპროტესტო აქციის გამო გადაკეტილი იყო სანაპიროზე მიმავალი საავტომობილო გზა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. იმავე სივრცეში ასობით პოლიციელი მუშაობდა, მათი ნაწილი იცავდა აქციაზე მომუშავე ჟურნალისტთა უსაფრთხოებას.
აქციაზე პარტიის მხარდამჭერებმა და ლიდერებმა დაწვეს „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები და მაისურები. მოგვიანებით „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, ზურა მახარაძემ თქვა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მათ „აჩუქეს“ ცესკოში რეგისტრირებული პარტია, რომლის ლიდერიც ლევან ჩაჩუაა.
„ამათ ხო ჰგონიათ, რომ დაგვასრულეს. პარტია არ არის ჩანაწერი რეესტრში, პარტია ხალხის ერთობაა. ვინმეს თუ ფორმალობებზე აქვს ინტერესი, ბატონმა ლევან ჩაჩუამ და მისმა თანამებრძოლებმა მოგვცეს, გვაჩუქეს თავისი პარტია. ამ პარტიას წინა არჩევნებში მონაწილეობა აქვს მიღებული, ამიტომ არაფერი არ იქნება“, - განაცხადა ზურა მახარაძემ და მას მადლობა გადაუხადა.
ლევან ჩაჩუა თავმჯდომარეა პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“, რომელიც 2014 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
0
0